ვის ეშინია გენდერული კვოტირების?
ვის ეშინია გენდერული კვოტირების?

მზად არის თუ არა პარლამენტი მხარი დაუჭიროს ისტორიულ ცვლილებებს


2014 წლის აგვისტოში ჟურნალი „თაიმსი" აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით: მხოლოდ გენდერულ კვოტირებას შეუძლია შეაჩეროს ევროკავშირი, იყოს „ბიჭების კლუბი", სადაც საუბარია ევროკავშირის ახალი პრეზიდენტის მოწოდებაზე, მეტი ქალის ნომინირება მოახდინონ, რათა ასახული იყოს ევროკავშირის 507-მილიონიანი ნახევრის ინტერესები. „ამ გადაწყვეტილებით  „ბზარი გაუჩნდა" იმ  შუშის ჭერს, რომელიც ჯერ კვლავ  გზას უღობავს ქალთა ტალანტს" -  „THE INDEPENDET"  ციტირებდა ევროპალამენტარ ვივიანე რედინგის სიტყვებს.


დღეს ქართული პოლიტიკაც დომინირებულად „ბიჭების კლუბია". „ამ ბიჭების" ნაწილი კი  საჯარო განცხადებებში ქალთა პარლამენტსა და საკრებულოებში დაბალ  მონაწილეობას ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს და თვლის, რომ ქალსა და მამაკაცს პოლიტიკაში ერთნაირი უფლება და შესაძლებლობა გააჩნიათ, მათი აზრით,  12%  - ეს ზუსტად იმ ქალთა რაოდენობაა, ვისაც პოლიტიკაში მოსვლა უნდოდა და საკუთარი პასიური საარჩევნო უფლება გამოიყენა.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2014 წლის 1 მაისისათვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3, 472, 772 შეადგინა, მათ შორის 1, 866, 514 (53.7%) ქალი დაფიქსირდა.

 

 ზემოთ ხსენებული „ბიჭების კლუბიდან"  ბევრი სიღრმისეულად არც  აანალიზებს, 53,7%-ის  პროპორციასთან მიმართებაში რატომ არის პოლიტიკაში მხოლოდ 12% ქალი. მათი ერთადერთი არგუმენტი - ქალთა პოლიტიკაში მოსვლის სურვილის არქონა კი ყველა კვლევის შედეგების მიხედვით, მხოლოდ „მცირეწონიან" ერთ-ერთ ფაქტორად სახელდება.


ქალთა დაწინაურების სხვადასხვა მექანიზმებს შორის გენდერული კვოტირება ერთ-ერთ ყველა აპრობირებულ მეთოდად განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კვოტებს ყველგან ჰყავს მოწინააღმდეგეები, ის კვლავ რჩება ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად. საერთაშორისო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ არ არსებობს სხვა უფრო მეტად ეფექტურ საშუალებას ქალთა ინტერესების დასაცავად და პრაქტიკაში განსახორცილებლად.



  • არჩევითმა ორგანოებმა უნდა ასახონ საზოგადოების სოციალური ჯგუფები. ქალები მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ და მანდატების ნახევარს უნდა ფლობდნენ
  • კვოტა ქალთათვის წარმოადგენს არა დისკრიმინაციულ, არამედ მაკომპენსირებელ საშუალებას იმ რეალური ბარიერების გადასალახავად, რომლებიც ქალებს კუთვნილი პოლიტიკური პოზიციების სათანადო წილი მოპოვებაში უშლით ხელს;
  • ქალებს, როგორც მოქალაქეებს აქვს თანასწორი წარმომადგენლობის უფლება. გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში, წარმომადგენლობა ნიშნავს სოციალური ინტერესებისა და    პოლიტიკური შეხედულებებისა ადეკვატურ ასახვას წარმომადგენლობით ორგანოებში
  • ქალთა გამოცდილება აუცილებელია პოლიტიკაში
  • ქალებს არ ირჩევენ ხოლმე  არა იმიტომ რომ არაპოფესინალები არიან,  არამედ იმიტომ რომ ისინი ქალები არიან
  • ქალები კვალიფიცირებულნი არიან მამაკაცების მსგავსად, მაგრამ პოლიტიკურ სისტემაში, სადაც დომინირებენ მამაკაცები მათი კვალიფიკაციის მინიმალიზაცია ხდება.
  • კვოტა ქალთა წარმომადგენლობის ზრდის ყველაზე სწრაფი და ეფექტური მექანიზმია
  • კვოტა, ფორმალური თუ არაფორმალური, გამოიყენება სხვადასხვა კატეგორიებთან მიმართებაში, მაგ. გეოგრაფიული
  • კვოტები უკვე  წარმატებით გამოიყენება მრავალ ქვეყანაში


საქართველოს პარლამენტში გენდერული  კვოტების შესახებ დისკუსია 2003 წელს იქნა ინიცირებული. ინიციატივა 2003 წლის აგვისტოში იქნა წარმოდგენილი. კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას კენჭისყრის პროცედურაში მხოლოდ 67 დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა და  ინიციატივა ჩავარდა.  ასევე განუხილველად დარჩა 32000 ათასი ამომრჩევლის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა.


სულ მალე კი 2012 წლის მოწვევის პარლამენტი ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდება, პარლამენტის კომიტეტები პარალელურად ამ თემაზე ერთ საკანონმდებლო ინიციატივას და ერთ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს.

 

პარლამენტის წევრების - ნანა ყეენიშვილისა და თემურ ჭკუასელის ინიცირებით, საარჩევნო კოდექსით სავალდებულო ხდება   პარტიების მიერ წარდგენილ პროპორიული სიების ყოველ სამეულში მინიმუმ ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატის  ნომინირება ( პრინციპი - სამეულში 2 კაცი 1 ქალი ან  - 2 ქალი 1 კაცი) ხოლო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ჯგუფის მიერ ინიცირებული წინადადების მიხედვით, ყოველი მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის უნდა იყოს (პრინციპი - ქალი-კაცი   ან კაცი - ქალი) აღნიშნული კვოტები მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ეხება.


პოლიტიკურ პარტიებში საარჩევნო სიებში „გენდერული კვოტირების" თემა ბევრი პოლიტიკოსის მიერ  ნეგატიურად აღიქმება, ვინაიდან მათი  უმრავლესობა ბუნდოვანი პოლიტიკური შიშითაა შეპყრობილი საკუთარი, ასევე ბუნდოვანი პოლიტიკური მომავლის შესახებ.

გენდერული კვოტა ბევრი მოქმედი პოლიტიკოსი მამაკაცისათვის მათი პოლიტიკიდან „გაძევების" ინსტრუმენტად აღიქმება, თუმცა, ისინი ნაკლებად აანალიზებენ, რომ პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის ზრდა თითოეული კაცი პოლიტიკოსის დონემდე კი არ დადის, არამედ მოსახლეობის 54%-ის ინტერესის ასახვის შესაძლებლობას უკავშირდება.



მზად არის თუ არა პარლამენტი ამ ინიციატივების მხარდასაჭერად? არსებული  მოცემულობა  პროგნოზების გაკეთებას ართულებს,  საქართველოს პარლამენტში მოვლენები 2 სცენარით შეიძლება განვითარდეს:

  • სრული უარი ისტორიულ ცვლილებებს (და ამით უარის თქმა ქვეყნის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებსა და დემოკრატიულ განვითარებაზე)
  • მხარდაჭერა გენდერული კვოტირების პრინციპისათვის (აქ პარლამენტარებს, როგორც დაახლოებით 30%-იანი ასევე 50%-იანი კვოტირების მხარდაჭერა შეუძლიათ, (50%-იან წინადადებას ჯერ კიდევ აქვს გასავლელი გზა ინიციატივად ქცევამდე)


ვინ შეიძლება დაუჭიროს გენდერული კვოტირებას პრინციპის დონეზე?  

დისკუსიებში და საჯარო განხილვებში ცალსახა უარყოფითი პოზიციას აფიქსირებენ: მრეწველები, ეროვნული ფორუმი.  სავარაუდოდ, კონსერვატორებმა დიდი ფიქრის მერე შესაძლოა  მხარი დაუჭირონ ინიციატივას.

ნაციონალური მოძრაობა - როგორც პარტია, ასევე დეკლარირებულად ემიჯნება კვოტირების პრინციპს, თუმცა შესაძლოა მათგან რამდენიმე დეპუტატმა მხარი დაუჭიროს წარმოდგენილ ცვლილებებს.

რესპუბლიკური პარტიის დეპუტატთა დიდი ნაწილი ამ ეტაპზე მხარს უჭერს კვოტირებას, ხოლო გადამწყვეტი ხმა ამ გადანაწილებაში, ბუნებრივია,  პარტია  „ქართული ოცნებას" ეკუთვნის. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ერთ-ერთი ინიციტივა ამ პარტიის წარმომადგენლებს ეკუთვნით, სავარაუდოდ, მათ გარკვეული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ საკუთარ პარტიაში.

დაუჭერს თუ არა პარლამენტი კვოტირებას, სავარაუდოდ 2016 წლამდე გადაწყდება.  მხარდაჭერის შემთხვევაში, პარლამენტი ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელმაც გზა უნდა გაუხსნას ქალებს პოლიტიკაში,  გააჯანსაღებს შიდა პარტიულ დემოკრატიულ პროცესებს და რაც მთავარია, ხელს  შეუწყობს საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობას და საარჩევნო სისტემის ადეკვატურობას, რომელიც მოსახლეობის განსხვავებული სოციო-დემოგრაფიული ჯგუფების ინტერესებს უნდა ასახავდეს


P.S. ზოგიერთი პოლტიკოსის მიერ კვოტა "წარუმატებელი ქალების" ლობირებისა და ადვოკატირების მექანიზმად განიხილება, არავის გასჩენია კითხვა, ხომ არ არის ხშირად პოლიტიკური პარტია და მასკულინური არაკონკურენციული გარემო სწორედ წარუმატებელი კაცების ადვოკატირების მექანიზმი?

 

 

 

ვებ-გვერდი შეიქმნა პროექტის „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით“ ფარგლებში
© ყველა უფლება დაცულია. ქალის ხმა 2015. მასალების - სტატია/ფოტო/ვიდეო რაიმე ფორმით გამოყენება აკრძალულია
Created By: Pro-Service