„ქალის ხმა“ წარმოგიდგენთ ფოტოპროექტს - ქალები მაღალმთიანეთიდან 

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

            მთიანი აჭარა - სოფლები: ღორჯომი და ნიგაზეული

ემინე ვანაძე

80 წლის ვარ. არჩევნებზე თუ დავდივარ?კი დავდივარ, მოსახაზად დავდივარ.

 

დალი გორგაძე

არჩევნებზე ზოგადად დავდიოდი, მაგრამ    ბოლო    არჩევნებში არ წავსულვარ. მთაში ვიყავი, ბოლო არჩევნებზე. არ ჩამოვსულვარ. მთაში საარჩევნო ყუთები არ იყო.

 

ეთერ ადაძე, მაყვალა ირემაძე

არჩევნებზე კი დავდივართ, მაგრამ სხვა მხრივ აქტიურობით არ გამოვირჩევით.  ბაღჩას მივხედო ის მირჩევნია.


    
                                     
 

დარიკო ირემაძე

არჩევნებზე კი წავედი, მაგრამ ვისაც ხმა მივეცი, ვერ გაიმარჯვა იმ კანდიდატმა. თემის შეხვედრაზე არ დავდივარ, ჩემი ქმარი არ მიშლის,მაგრამ არც დრო მაქვს და არც სურვილი. კარგი განათლების ქალები უნდა იყვნენ ლიდერები ქალაქშიც და სოფელშიც.ახლახანს შვილი გავათხოვე, 23 წლის და მზითვებს ვუმზადებ. ამ მატყლით ლეიბი და საბანი უნდა შევუკერო და ვაჩუქო.

   

გუგული ირემაძე

კი ვიყავი არჩევნებზე, მაგრამ ვერაფერი ვერ გაგვიკეთა ამ მთავრობამ, ტყუილა ტაში დაგვაკვრევია. სოფელში რამე კრება თუ არის, ასეთ შეხვედრებს არ ესწრებიან ქალები. ქმრებსაც არ სიამოვნებთ რომ დავესწროთ. კაცები აგვარებენ ამ ამბავს, ისინი წყვეტენ სოფლის სასიკეთო საქმეებს.
ქალებს კი შეუძლიათ ლიდერები იყვნენ, მგრძელი დიპლომები თუ აქვთ.

   

მარინე ბერიძე

ბოლო არჩევნებზე ვიყავი. ოჯახის კაცებს ვეკითხები ხოლმე აზრს, ვინ სჯობს, ვის უნდა მივცე ხმა.  არასდროს გამჩენია სურვილი სოფლის კრებაზე წავსულიყავი. სხვა ქალები არ დადიან. რომ წავიდნენ ალბათ მეც წავიდოდი, მაგრამ ახლა მარტო ხომ ვერ წავალ?

         
 

ნათელა ირემაძე

არჩევნები როცა ტარდება  კი დავდივარ, ვიღებ მონაწილეობას, თუმცა რომელიმე კოკრეტული  საარჩევნო კანდიდატი არ მახსოვს .
ჩემი სურვილია ქალებმა ზრდილობიანი ბავშვები აღზარდონ და ასწავლონ სტუმართმოყვარეობა და განათლება მიაღებინონ. მე მერვე კლასში ვიყავი რომ დამნიშნეს , მაშინ არ ვიცოდი და არ ვფიქრობდი მომავალში რა იქნებოდა, საშუალო სკოლის შემდეგ  გავთხოვდი, მალევე დავფეხმძიმდი და  სწავლის შანსიც აღარ იყო. ახლა გული მწყდება განათლება  და პროფესია რომ არ მაქვს.
თემის შეხვედრებზე ჩემი ქმარი და შვილი დადის და  მე არ მიწევს წასვლა, ერთხელ ვიყავი შარშან, განიხილავდნენ მთავრობის საქმიანობებს, ანუ რას გვთავაზობენ ისინი მოსახლეობას.
დიასახლისი ვარ და ასე ვიქნები დანარჩენი ცხოვრებაც.

   

მზევინარ შავაძე, ზაურ შავაძე

არჩევნებზე დადის ჩემი მეუღლე. თუმცა ვის მისცეს ხმა, ამას ვწყვეტ მე. არ არის ქალების აქტიურობა საჭირო. აქტიური ქალები ქალაქებში არიან და საკმარისია. ჩვენთან კაცები წყვეტენ ყველაფერს. ქალები სახლში! ქალები დიასახლისები არიან.
- თქვენმა მეუღლემ რომ გადაწყვიტოს რომ მაგალითად უნდა სოფლის კრებაზე წასვლა, თქვენ როგორ მოიქცევით?
სოფლის კრება ... აქ ქალების სოფლის კრება არ ტარდება.  
-სოფლის კრებებზე ხომ ყველას შეუძლია მისვლა?
კი შეუძლია მაგრამ, არცერთი ქალი არ გავა სოფელში კრებაზე.
-    რაში ითვალისწინებთ ქალის აზრს?
-    მე? თითქმის არაფერში

   

ნანი შავაძე, იამზე შავაძე

არჩევნებზე დავდივარ. სოფლის კრებებზე არა. სულ კაცები დადიან. ქალები ნაკლებად. ვისაც როგორ გვინდა ისე ვაკეთებთ. ქალთა დღეზე კონცერტია იქ დავდივართ. სოფლის კრებებზე და მსგავს რამეებზე არა. რას ვსაქმიანობთ ხოლმე? რავიცი, კოფეზე დავდივართ, მეზობლებშიც დავდივართ. ჯამეში არ დავდივართ. მეჩეთში ქალების სიარული წესი არ არის.

         
 

გუგული ხოზრევანიძე

ორი წელია არც ერთ არჩევნებზე არ წავსულვარ.  გაბრაზებული ვიყავი და იმიტომ არ წავედი.  სოციალური დახმარება მქონდა და მომიხსნეს. ოთხი ავადმყოფი მყავს ოჯახში. არ შემიძლია რომ ვიმუშაო. იმიტომ გავბრაზდი და არ წავედი არჩევნებზე. რამეს შეცვლიდა ჩემი მისვლა? ვერ შეცვლიდა. ჰოდა არ წავედი.

   

მარო ირემაძე

ადრე რაიონის დეპუტატი ვიყავი. აქტიური ქალი მეთქმოდა. ახლა რამდენად  აქტიური ქალი ვარ? გაზაფხულზე წავალ ყიშლაზე, წავიყვან ათ ძროხას, იქ ვაწარმოებ ყველს, კაიმაღს. მერე მთაში ავდივარ, მერე შემოდგომაზე ჩამოვდივარ ისევ ყიშლაზე. საქონელზე მივდივარ, მოვდივარ. არჩევნებზეც დავდივარ.

   

გორგაძე უმიანი, თამარ ძირკვაძე, ასმათ გორგაძე, ირმა ცეცხლაძე

არჩევნებზე თითქმის სულ დავდივართ. ბოლო არჩევნებზე ყველა ვიყავით წასული, ჩემი რძლის გარდა.  რძალი ბავშვიანია და ის არ წამოვიდა.  როცა სოფელში საჯარო შეხვედრა იმართება, მანდ  არ დავდივართ. არც გვეძახიან.
რატომ არ გვეძახიან? რა ვიცი. კაცები წყვეტენ. არ არის ჩვენთან წესი რომ ასეთ კრებებზე წავიდეთ და მოვიდეთ. ქალები არ დადიან.

         
   


ნატო ვანაძე

არჩევნებზე დავდივარ. ყოველ არჩევნებს ვესწრები. თუმცა საარჩევნო აგიტაციაში არ ვმონაწილეობ. ზოგი ქალი ერთვება, მაგრამ მე  ბაღნები მყავს და არ მაქვს დრო. ისე უმეტესად აგიტაციას კაცები ეწევიან. მქონია სურვილი უფრო აქტიურად ჩავრთულიყავი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ აქ რა უნდა გააკეთო.  ღორჯომი უფრო ჩაკეტილია. ქალები რომ გავაქტიურდეთ კარგი იქნებოდა, მაგრამ არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ.



 

 

ფატი ხიმშიაშვილი, ეთერ ხიმშიაშვილი

რძლები ვართ. ლამის მთელი ცხოვრებაა ვიცნობთ ერთმანეთს. გვერდიგვერდ ვცხოვრობთ. აი ამ მთის ძირში დავბერდით ორი ქალი. დიდი გაჭირვება გვაქვს გამოვლილი,  თამბაქოს პლანტაციებში დავზარდეთ ბაღნები.  600 კილო თამბაქო მოგვყავდა, სულ ვშრომობდით. ჩვენი ძირითადი საქმიანობა სოფელში შრომა იყო. ახლა მოვხუცდით და იმდენს ვეღარ ვაკეთებთ. საქონელი გვყავს და იმას ვუვლით. საზოგადოებრივად აქტიური არ ვყოფილვართ არასდროს, არჩევნებზე კი დავდიოდით. ახლაც დავდივართ. ჩემს შვილს ვეკითხები ხოლმე ვინ მოსწონს და მეც იმას ვაძლევ ხმას.


 

ხათუნა ხიმშიაშვილი

მაღალმთიან სოფელში ცხოვრება არაა ადვილი. მასწავლებელი ვარ, სკოლაში ვმუშაობ. მცირე საოჯახო სასტუმრო მაქვს, რომელიც ერთ-ერთი საერთაშორისო ფონდის დახმარებით გავაკეთეთ მე და ჩემმა მეუღლემ. ვცდილობ ვიყო აქტიური ქალი. ვმონაწილეობ არჩევნებშიც და სასტუმროს მართვაშიც ვეხმარები ჩემს მეუღლეს.

 


         

 

შუშანა ზაქარაძე

არჩევნებზე ხან დავდივარ, ხან არა. ბოლო არჩევნებზე ვიყავი. სულ ვშრომობ. როცა არ მივდივარ, რაღაცა მიშლის ალბათ ხელს. არ მახსოვს ზუსტად. სოფელში ბევრი საქმეა, უნდა იშრომო რომ  თავი შეინახო.

 

 

 


 

 

ვებ-გვერდი შეიქმნა პროექტის „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით“ ფარგლებში
© ყველა უფლება დაცულია. ქალის ხმა 2015. მასალების - სტატია/ფოტო/ვიდეო რაიმე ფორმით გამოყენება აკრძალულია
Created By: Pro-Service