ქალი საზღვრისპირა სოფლიდან
ქალი საზღვრისპირა სოფლიდან

ავტორი: ეკა მაღალდაძე

 

ჟანა 6 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი მაღალმთიანი აჭარიდან სოფელ ერისიმედში, აზერბაიჯანის საზღვართან სპეციალურად დაარსებულ სოფელში გადმოსახლდა. ის პერიოდი თითქმის არახსოვს. სკოლაში მასწავლებლად, ბაღში კი აღმზრდელად მუშაობს. კიდევ წნორში, ბანკ „კრედოში", სოფლის კონსულია. მისი შემოსავალი სულ 470 ლარია. მაგრამ თვეში 4-5 ჯერ მაინც უწევს წნორში წასვლა. კერძო სამარშრუტო ტაქსი ყოველდღე დადის, ჩასვლა და ჩამოსვლა 6 ლარი ღირს. მაგრამ შუალედში საქმეების მოგვარებას ყოველთვის ვერ ასწრებენ, ამიტომ ერთ საქმეზე ხან რამდენჯერმე უწევთ წასვლა. თუ თბილისში სჭირდებათ გამგზავრება, საქმე უფრო რთულდება. ერისიმედიდან წნორში ჩასულებს, ხან იქ დარჩენა უწევთ, რომ თბილისში მეორე დილით მიმავალ „მარშუტკას" გაჰყვნენ და ისევ უკან დაბრუნება მოასწრონ.

გზა გამოუსწორებელ პრობლემად რჩება, რამდენჯერაც უნდა მოხრეშონ, მაინც მალე ფუჭდება და გარესამყაროსთან დაკავშირება უფრო და უფრო უჭირთ. ერთხელ სიძეს მაღალი წნევა ჰქონდა და სასწრაფო გამოიძახა. უთხრეს, თუ ძალიან აუცილებელი არაა, იქნებ აღარ ჩამოგვიყვანოთ, ერისიმედიდან ახლა დაბრუნდა მანქანაო. თუმცა მერე მაინც წამოვიდნენ.

90-იან წლებში, როცა საზღვრები ჩაკეტილი არ იყო, საყიდლებზე და ხშირად ექიმთანაც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, უახლოეს სოფელში დადიოდნენ. ფიქრობს, რომ მაშინ სოფლის მცხოვრებთ მეტი პერსპექტივა ჰქონდათ და ზოგ საქმეს უფრო მარტივადაც აგვარებდნენ. მაგრამ შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა. „საზღვარს რომ გაეკარო, არც იცი, ცოცხალი დაბრუნდები თუ არა".

 სოფელში ყველას ახსოვს, რომ 2010 წელს საზღვრის სიახლოვეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 16 წლის ახმედ გაურგაშვილს ესროლეს. ამბობენ, რომ ბიჭი საზღვარზე არ გადასულა, მხოლოდ თანასოფლელების მიერ პირუტყვის შესაკავებლად გაკეთებულ, ღობეს გასცდა. მოზარდის მკვლელობა ჯერაც არ გამოუძიებიათ. ამის შემდეგ რამდენიმე ქისტი ოჯახი სოფლიდან წავიდა. ერთხელ აზერბაიჯანელმა  მესაზღვრეებმა ჟანას ძმა დააკავეს. ისიც პირუტყვის გამო. სოფელში მხოლოდ 6 თვის შემდეგ დაბრუნდა.

 

ჟანა წუხს, რომ სოფელი, რომელიც სამი მხრიდან საზღვრითაა გარშემორტყმული და ამ საზღვარს უკვე 25 წელია ამაგრებს, არათუ პრივილეგიებით სარგებლობს, ხშირად იმ მინიმუმსაც კი ვერ იღებს, რასაც სხვა სოფლები.

ერთ-ერთი ასეთი შეშაა. თითოეული ოჯახისთვის განკუთვნილი შეშის საყიდლად ბანკში კოდი უნდა გახსნილიყო, შესაბამისი მოცულობის საფასურის გადახდის შემდეგ კი ბანკში, შეშის საყიდლად განკუთვნილი ქვითრის მისაღებად დღეების განმავლობაში რიგში იდგნენ, ნახევარ სოფელს ბილეთი მაინც არ შეხვდა.

 „ვიცით, რომ ნაცნობობით იყიდებოდა, ზოგს სასურველ რაოდენობას უნახავდნენ, უზარმაზარ რიგში მდგომი ხალხიდან, სულ რამდენიმემ თუ მოახერხა აღება. ისიც იმაზე ნაკლების, ვიდრე უფლება ჰქონდათ. ტყეში ვცხოვრობთ, გამოყოფილი შეშა ისედაც 40 კილომეტრიდან უნდა მოვიტანოთ და ამაზეც ფული დავხარჯოთ. ვინღა ჩივის, ამასაც არ გვაძლევენ".

ადრე სალოცავად მოლას სახლში იკრიბებოდნენ. მას მერე, რაც მოლა სოფლიდან წავიდა, სახლი მუსლიმებს დაუტოვა, მეჩეთად გადაკეთებულ სახლში მსახურებას ყოველ პარასკევს აღავლენენ. უნდა, რომ ასეთი ელემენტარული პირობები ქრისტიანებსაც ჰქონდეთ და ღია ცის ქვეშ არ ლოცულობდნენ. ამიტომ სიღნაღის ეპარქიაში წავიდა, შესთავაზა - თუ ეკლესიის მშენებლობას დაიწყებდნენ, სოფლის მკვიდრთა უმრავლესობა ფიზიკურადაც დაეხმარებოდა და სამშენებლო მასალებისთვის თუ სხვა საჭიროებისთვის ფულსაც შესწირავდა. პირველად ის ჰკითხეს, აპირებდა თუ არა მონათვლას. შემდეგ კი უთხრეს, თუ მადლის გაკეთება გინდა, ეს თანხა ეკლესიის ფონდში შემოიტანე და გადაწყვეტილებას მერე მივიღებთო.  წამოვიდა, თანხა აღარ შეუტანია.

 

მისი სახლის წინ ქრისტიანების სალოცავია -  ქვებით შემოღობილი რკინის ჯვარი. აჭარლების ჩამოსვლისას, როცა სოფელში სახლები შენდებოდა, ეკლესიის საძირკველი აკურთხეს, მაგრამ მშენებლობა აღარ გაგრძელებულა. ჟანას მამამ სამხედროებთან ერთად ჯვრის ირგვლივ ქვები შემოალაგა. არ უნდოდა ქრისტიანების სიწმინდე პირუტყვს დაესვარა. იქვე კაკლის ხეივანიც გააშენა, მაგრამ ეკლესიის სიახლოვეს არ დაურგავს, იმედი აქვს, რომ ოდესმე ვინმე მაინც ააშენებს. ამის წინააღმდეგ წასვლას ვერც წარმოიდგენს, რადგან რელიგიასთან დაკავშირებული ყველა უთანხმობა ქართულ სოფლებში, რის შესახებაც გაუგია, „ბინძური და უნიჭო ფიქრების ბრალია".

 

ჟანას უკვირს, რატომ არის სამსახურის აპლიკაციებში აღმსარებლობა აუცილებლად მისათითებელი. თბილისში ერთ-ერთ კომპანიაში მენეჯერად აპირებდა მუშაობის დაწყებას, ტესტირებაშიც მაღალი ქულები მიიღო.

„გასაუბრების ბოლოს კი, როცა ვთქვი, რომ მუსლიმი ვიყავი, ისეთი სახეები მიიღეს, ვიცოდი, აღარ დამირეკავდნენ და ასეც მოხდა. არადა, ვიცი, მაქსიმალური შანსი მქონდა იქ მოხვედრის". იგივე მოხდა მისი ძმების შემთხვევაშიც, რომლებსაც სამთავრობო დაცვაში მუშაობის აუცილებელ პირობად მონათვლა დაუსახელეს.

ერისიმედში ბაღი რომ გაიხსნა, აიპ "ბაღების გაერთიანებიდან" ბაღის დირექტორს რამდენჯერმე დაურეკეს, ეკითხებოდნენ, მასწავლებლები რომელი რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ.

სამწუხაროდ არავის უკითხავს რა რელიგიის იყო ჩემი სამი ძმა, როდესაც ცხინვალში იბრძდნენ. ქვეყნის სამსახურში მათთვის რწმენას ხელი არ შეუშლია. სხვა არის რწმენა, რომელიც ჩვენშია და სხვაქვეყნის სამსახური და საჯარო საქმე".

 

ჟანას სოფლიდან წასვლა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს სად. მთავარია, ისეთი სამსახური იპოვოს, რომ ბინის ქირის გადახდაც შეძლოს. არ უნდა ცხოვრება სოფელში, სადაც მისი მომავალი შვილები ყველა სიკეთისგან შორს იქნებიან, ვერც სრულფასოვან განათლებას მიიღებენ და განვითარებისთვისაც არანაირი პირობა არ ექნებათ.

 

„ალბათ პირადობის წამოსაღებადაც არ მივიდოდი სახლში, ისე წავიდოდი, რამე რომ გამოჩნდეს. ამ უიმედობასა და უპერსპექტივობაში ცხოვრება გაუსაძლისია. სულ იმის განცდა გაქვს, რომ ქვეყნის დასალიერში ხარ, ყველაფრისგან შორს, უკანასკნელი".

 

 

ვებ-გვერდი შეიქმნა პროექტის „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით“ ფარგლებში
© ყველა უფლება დაცულია. ქალის ხმა 2015. მასალების - სტატია/ფოტო/ვიდეო რაიმე ფორმით გამოყენება აკრძალულია
Created By: Pro-Service