უცნობი რევოლუციონერი ქალები
უცნობი რევოლუციონერი ქალები

ავტორი: დავით ჯიშკარიანი


ქალები, რომლებსაც პროექტის ფარგლებში გაგაცნობთ, ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ იმ დროს როცა მათი საზოგადოებრივი აქტიურობა დასჯადი და საშიში იყო. ხშირად მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიაში რევოლუციური მოძრაობა ძლიერდება. საქართველო კი, მეტროპოლიის განაპირა მხარეა და აქ აქტივობები სხვადასხვა სახეს ღებულობს. სოციალური მოთხოვნები ნაციონალური გრძნობებით ხდება შეზავებული.

 

ამ თავგადასავლებით აღსავსე პერიოდში მცხოვრები ქალების მოძიება კი ადვილი საქმე არ გამოდგა. ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა ვიჩხერკედელავეთ საბოლოოდ დღემდე გამოუქვეყნებელ მემუარულ მასალას მივაგენით. ეს კვლევის ბოლოს მოხდა, დაახლოებით იმ გამონათქვამს ჰგავდა ძირი რომ მწარე აქვს და კენწეროში გატკბილდება.

 

ყველაფერი შაბლონურად დავიწყეთ. გვსურდა ქალების საზოგადოებრივი ცხოვრების უცნობი დეტალები აღმოგვეჩინა. თავიდან ცნობილიქალების საზოგადოებრივი აქტიურობის გამოუქვეყნებელი დეტალების ძიებას მივყავით ხელი. ხელნაწერთა ინსტიტუტში ბარბარე და ნინო ყიფიანების პირადი არქივის დავათვალიერეთ. დები რომლებმაც საკუთარი ქვეყნისათვის ბევრი გააკეთეს. ნინო ყიფიანი ბევრ მამაკაცზე ადრე საუბრობს საქართველოს თვითგამორკვევაზე. მისი და კი მოუწოდებს საზოგადოებას რომ ბრუსელში დაარსდეს მუზეუმი სადაც საქართველო იქნებოდა წარმოდგენილი. წერილები ბევრია, რომელიც დების აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას მოწმობს.

 

სოციალურად აქტიურნი უნდა ყოფილიყვნენ დამფუძნებელი კრების ხუთი დეპუტატი ქალიც. შევისწავლეთ დამფუძნებელი კრების სტენოგრაფიულ ჩანაწერები. აქ ნამდვილად იმედი გაგვიცრუვდა. აღმოჩნდა რომ ისინი დებატებში აქტიური მონაწილეობით არ გამოირჩეოდნენ. იმ პერიოდში ყველა პარტიას მხოლოდ რამდენიმე აქტიური მოდებატე ჰყავდა. ქალის გამოსვლა ციფრულ მატარებელზე გადავიტანეთ. მათი გამოსვლები ცოტაა, მაგრამ მნიშვნელოვანი და აქტუალური.

მივადექით გატკბილებულ ნაწილს, როდესაც ძიებამ ყოფილი კომუნისტური პარტიის არქივამდე მიგვიყვანა.

თუ ეხლა ხომაა მოდაში ზეპირი ისტორიების მოძიებაა, უწინ XX საუკუნის 30-იან წლებშიც ასე ყოფილა. განსხვავება კი მხოლოდ სამიზნე ჯგუფშია. ახლა ვაგროვებთ რეპრესირებულთა ისტორიებს, გულაგში გადასახლებულთა და დეპორტირებულთა მოგონებებს, ვეძებთ საინტერესო ამბების მცოდნე ნაცნობ და უცნობ ადამიანებს, ვაგროვებთ და ვახარისხებთ მას.

 

ცენტრალური კომიტეტის არქივში კი ინახება ფონდი, რომელშიც დაცულია ძველ ბოლშევიკთა მოგონებები. ბოლშევიკები „უბედური" რევოლუციონერები იყვნენ, ავანტიურისტები და თავზეხელაღებულები. ადამიანი, რაც უფრო ეპარება ასაკი მით უფრო უმატებს თავის თავგადასავალს, მეტად დრამატულს და ჰეროიკულს ქმნის. ხო და რა გასაკვირია რომ ძველმა ბოლშევიკებმაც რაღაც მოუმატეს და რაღაც კიდევ ჟამთა სვლის გამო მიივიწყეს. ჩვენამდე კი კარგა გემრიელად წასაკითხმა მასალებმა მოაღწია.

 

ამბები გაცილებით დრამატული ხდება, როდესაც საქმე რევოლუციაში აქტიურად ჩართულ ქალებს ეხება. ისინი განსხვავებულად და სხვადასხვა მოტივით ჩაერთვნენ ოპოზიციურ მოძრაობაში. განსხვავებული იყო მათი მოქმედების მეთოდები და მიზანი. ქალები სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენლები არიან. განსხვავებულია მათი თხრობის მანერა და ეთნიკური კუთვნილება. ამ ქალების მოგონებების წაკითხვის შემდეგ ბევრი დეტალი დღევანდელი ყოველდღიური ცხოვრებისა სხვანაირ ელფერს იძენს და განსხვავებულად უყურებ მეხსიერებაში დალექილ ამბებს.

 

ნახალოვკას, იგივე ნაძალადევის რაიონს საინტერესო ბუნება და სოციალური დატვირთვა აქვს. მოსახლეობის უმეტესობა, განსაკუთრებულად მის ადრეულ პერიოდში, ძირითადად მუშებისგან ყოფილა დასახლებული. ზუსტად იმ მუშებისაგან რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულნი საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლასა და მანიფესტაციებში.

თავად გაფიცვა არ იყო მარტო რამდენიმე ადამიანის შეკრება კონკრეტული მოთხოვნით. მას წინ დიდი სამუშაოები უძღოდა. პროკლამაციების ბეჭდვა, მუშათა შეკრებები, მოთხოვნების მიღება, დიდი კონსპირაცია. ამ საქმიანობაში კი აქტიურად იყვნენ ქალები ჩაბმულები.

 

ჩვენს მიერ არქივში ინახა რამდენიმე ათეული ქალის მოგონებები. ესენი სხვა ტიპის ქალები არიან, აქტიურები, იდეურები, მიზნისათვის მებრძოლნი. ეხმარებიან ქმრებს საკუთარი უფლებების დაცვაში. მალავენ კონსპირაციულ პროკლამაციებს. გადააქვთ ერთი ადგილიდან მეორეზე საბეჭდი მანქანა. აქტიურობენ სოფლად და ქალაქად. პროპაგანდას უწევენ ქალთა უფლებებს და მათ მნიშვნელობას. ისინი ოჯახებს გადასახლებაში გაჰყვნენ და მათთან ერთად გაიზიარეს გადასახლების მთელი სუსხი.

 

ანა მირზაშვილი-აზმაიფარაშვილისა ერთერთი მათგანია. ის სოფელ მეტეხში დაიბადა და დაძაბული, საინტერესო და ფათერაკებით აღსავსე ცხოვრება განვლო. მერე ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა წავიდა და სოფლად დასახლდა. შეეშვა რევოლუციონერობას. 1931 წელს საკმაოდ ხანში შესულმა გაიხსენა მისი წარსული. ერთი რიგითი ქალის, რომელიც იმ დაძაბული და საინტერესო ეპოქის თვითმხილველი და მონაწილეა. მემუარებში თხრობის სტილი უცვლელად დავტოვეთ. ტექსტში ბევრგანაა გრამატიკული და პუნქტუაციური შეცდომები, მაგრამ მისი ავთენტურობისა და ხასიათის შენარჩუნების მიზნით არ შევცვალეთ. მას უცვლელად გთავაზობთ.

 

 

 

მოკლე ბიოგრაფია და მოგონებები რუსეთის სოციალ დემოკრატიული მუშათა პარტიაში მუშაობის ხანაში

ანა გაბრიელის ასული აზმაიფარაშვილისა

მისამართი: ნაძალადევი. ლოტკინის ქუჩა #19

 

მე ანა გაბრიელის ასული მირზაშვილი-აზმაიფარაშვილისა დავიბადე სოფელ მეტეხში (გორის მზრა) 1867 წელს ღარიბი გლეხის ოჯახში, სწავლა მხოლოდ მივიღე სოფლის სასწავლებელში. მამა ადრე მომიკვდა და მთელი ჩვენი ოჯახი იყო უფროსი ძმის ალექსი მაზრიაშვილის რჩენაზე. რომელიც მაშინ მოჯამაგირედ იდგა, ხოლო შემდეგ ხარაზობდა. უნდა ავღნიშნო რომ ჩემი ძმა თავად დიდი მოყვარული იყო ლიტერატურის შესწავლისა. მოჰქონდა ქ. გორიდან და ტფილისიდან სხვა და სხვა წიგნები და კითხულობდა. მეც მაკითხებდა და ახსნა განმარტებას მაძლევდა. მასთან სოფელში ძლიერ ხშირატ გროვდებოდა სოფლის მოწინავე გლეხოა და საუბრებს ატარებდნენ ამ წიგნების შინაარსის შესახებ და თან თავის ჭირ ვარამს გამოსთქვამდნენ. მე აქ ვისწავლე და შევიძინე ბევრი რამ, რადგან უმეტეს შემთხვევაში მე თავათ მიხდებოდა იმ წიგნეის შინაარსის ახსნა განმარტება გლეხებისადმი დათან ჩემზე ძმის ზეგავლენა დიდი იყო, მითუმეტეს რომ იგი სახალხო მოლექსეც იყო.

 

გაბთხოვდი 1890წელს და იმავე წელს ჩამოვედი ტფილისში.იმავე წელს მე გავიცანი ჩემი ქმრის თფილისის დეპოს მუშის (ზეინკალის თანაშემწე) სოლომონ აზმაიფარაშვილის ამხანაგები სახელდობრ: დოლმაზაშვილი ვანო, ოქრუაშვილი არაქელ, დიაროვი გიორგი,მეტეხელოვი მიხა, ცხომანაური აბრამი და სხვები, რომელთაც ჰქონდათ პატარა წერე, რომელიც უკვე თავიან ინიციატივით დაეარსებინათ ჩემს ჩამოსვლამდე.

 

ეს წერე მაშინ მუშაობდა თავიანთ ხელითვე ნაწერი პატარა ჟურნალის გამოცემაზე, რომელსც სახელათ "მუშა" ერქვა

გამოდიოდა ორ კვირაში ერთხელ და იწერებოდა მუშების ჭირ ვარამის ამბები. ამ ხნიდან დაწყებული 1896წლამდე სულისკვეთება მუშათა მასებში ნაროდნიკული იყო.

1896წელს ამხ. მიშა ბოჭორიშვილმა, რომელიც ჩვენი ოჯახის კარგი მეგობარი იყო პირველათ მოგვიტანა ამბავი, რომ ეხლა იწყება ორგანიზაცია ახალი წრისა, რომელიც წმინდა მუშურია შევიკრიბოთ რამდენიმე ამხანაგი და ვიაროთ ამ წერეშიო იქ კალისტრატე გოგუა მოვა და აგვიხსნის ყველაფერსო.

მე პირადათ ესე გავეცანი ორგანიზაციის საქმეს იმ წრის შინაარსს ვეცნობოდი ქმრისა და ამხანაგების საშუალებით და ამის შემდეგ ვიყავ მოწმე, ზოგჯერ ნაწილობრივ მოწმე მთელი მუშათა მოძრაობის საქმისა, რადგან ხშირათ ჩვენს სახლში იმართებოდა კრებები ა.კ ტბილისის დეპოელ მუშებისა, რომელთა რიცხვში იყო ჩემი ქმარი. იმ დროს როდესაც იყო ხოლმე კრება მე თვალყურს ვადევნებდი სახლს და ეზოს, რომ უეცრივ არავინ შემოგვსწრებოდა (შინაური ან გარეული) ანდა მეზობლების სახლებიდან არავის შეემჩნია ჩვენს სახლში ეს ფარული ამბავი.

(ეს იყო ნაძალადევში მაშინდელ ავჭალის ქუჩაზე ქობულაშვილის სახლში)

1898წლის დეკემბრის 17-ს მოხდა რკინის გზის მუშათა პირველი გაფიცვა, მე ნანახი მაქვს ეს ფაქტი: როდესაც გაფიცულ მუშების სამაგიეროთ გამოგზავნილ იქნენ უამრავი შტრეიკბეხერები, რკინის გზის მუშები დილით გულოკზე გადაცმული სხვადასხვანაირი ტანისამოსში შეიარაღებულნი კეტებით და ქვებით უხვდებოდნენ მათ და არ აძლევდნენ საშუალებას სამუშაოზე წასულიყვნენ მიუხედავათ გაძლიერებული ყაზახების რაზმებისა, რომელნიც სასტიკათ სდევნიდნენ იმ დროს მუშებს და სადაც დაეწეოდნენ იჭერდნენ და ულმობლად სცემდნენ.

 

მუშათა იმ რაზმში შემავალ მუშათა შორის. რომელნიცა შტრეიკბეხერებს ებრძოდნენ, აღსანიშნავია ამხ. გიორგი მარსაგოვის და არაქელ ოქრუაშვილის მედგარი და ხერხიანი ბრძოლა.

ამხ. გიორგი მარსაგაშვილი ინ დროს რკინის გზის თფილისის დეპოში მსახურობდაინსტრუმენტალსჩიკის თანამდებობაზე და უფროსებს ეჩვენებოდა ვითომდა ის მუშათა მხარეზე არ ყოფილიყოს, დაიდოდა სამუშაოზე მაგრამ მე ხშირად მინახავს იმავე დროს გადაცმული ტყავის ქურქში მაღალი ქუდით თავზე და დიდი ჯოხით ხელში შტრეიკბეხერების საწინააღმდეგოთ მომავალი და დაბრუნებულიც.

 

თვალსაჩინოთ მახსოვს ის საღამო როდესც მუშები გაფიცულები იყვნენ, ჩემი ქმარი სახში იყო. ამ დროს ბავშვის ხელით მომივიდა ბარათი ამხ. გიორგი მარსაგაშვილისგან რომელშიც სწერდა: სოლომონი, (ჩემი ქმარი ) ეხლავე სადმე დაიმალოს"-ო. რათქმაუნდა ცემი ქმარი ოთახში აღარ დარჩა, გავიდა რამდენიმე ხანი და თავათ გ.მარსაგოვი თფილისის მაშინდელ დეპოს უფროსის ე.პ შპი. განოვიჩთან ერთად შემოვიდა ჩვენსა შპიგანოვიჩმა იკითხა სლომონი, მე ვუპასუხე სოფელში წავიდა მეთქი. მაშინ მან მომმართა: სოლომონი ჭკბიანი კაცია თანაც წვრილშვილიო გადაეცი ჩემს მაგივრად რომ ამ „პადლეცებს" ნუ აჰყვება და ცამოვიდეს სამუშაოზე უეჭველათო. ამის შემდეგ ის წავიდა და სახლის მეორე კარიდან რომელიც სახლის პატრონის ოთახში გადიოდა, შემოვიდა ცემი ქმარიც, რომელიც იქ იყო გასული და ყველაფერი ეს თავისი ყურით გაეგონა. ამხანაგი არაქელ ოქრუაშვილის შესახებ კი თვალწინ ეხლაც მიდგა ეს ფაქტი :

სწორეთ გაფიცვის მეორე დღეს 18დეკემბერს დილით ვირაცამ კარებზე დააკაკუნა და დიძახა რომ კარები გამეღო. მე ხმაზე ვიცანი და კარი რომ გავაღე დავინახე ამხ. არაქელ ოქრუაშვილი ჩაცმული ქალის ტანისამოსში კაბა დაჰკარგოდა მხოლოდ რუბაჩკაღა ეცვა პირისახე შემურული ჰქონდა როგორც მერე გამოირკვა იგი შტრეიკბეხერებთან ბრძოლის შემდეგ ყაზახებს თვალიდან გამოჰქცეოდა მე სწარაფად მანიშნა, რომ არ გამეხედნა ქუჩაში და გაიძრო თუ არა ტანისამოსი სწრაფად ცაწვა ჩემი ქმრის გვერდზე ლოგინში. მაშინვე ყაზახები მოცვივდნენ და ჩვენს სახლს ბევრჯერ აუარ ჩაუარეს მე ძლიერ ბრთხილად ვადევნებდი თვალყურს (ყოველ წუთში მოველოდი მათ შემოსვლას და ოჯახის აწიოკებას) და ვცდილობდი ეჭვი არ მიმეტაინებინა ჩემის მოქმედებით ან ქუჩაში გასვლით, ან ფანჯრიდან გახედვით და სხვა. ყაზახები მაშინ ჩვენსა არ შემოსულან.

ამ გაფიცვის დროს ვცხოვრობდით ნაძალადევში ბრიგადის ქუჩაზე, კოლა ვიგორბინის სახლში.

ეს გაფიცვა მთავრობის სასარგებლოდ გადაწყდა. გაფიცვა გატყდა მუშები მრავლად იქმნენ დატუსაღებულნი.

 

1899 წელს ჩემი ოჯახი გადასახლდა ნაძალადევში ლოტკინის ქუჩაზე, (სადაც დღესაც ვცხოვრობთ) და დიდის წვით და დაგვით დავდგით პატარა ქოხი. აქ კრებებისათვის და ბროშურების კითხვისათვის თითქმის ყოველდგიურად იკრიბებოდა ამხანაგობა, რომელიც მაშინ დიდის გულდადებით და ერთსულოვნად ჰკიდებდნენ რევოლუციონურ მოძრაობის იდებიის შესწავლას ხელს. ისინი იყვნენ რეალურად ა.კ. რკინიგზის მუშები.

ამ კრებების დროს მე თვალყურს ვადევნებდი ჩვენი ქოხის გარეშე არემარეს ვიხედებოდი ქუჩაზე და მზათ ვიყავ პირველ სახიფათო შემთხვევის თანავე ცნობა მიმეწოდებინა კრებისთვის.

მაგრამ ბრთხილობა ყოველტვის აარ შველოდა ცემს ოჯახს და ტუმცა კრებისთვის არასდროს არ მოუსწვრია პოლიციას, მაგრამ ცხრეკა ხშირი სტუმარი იყო.

ეს იყო ვგონებ 1900 წელს მე დამავლა ორგანიზციამ (გამოგზავნილი იყო ჩემთან ამხ გიორგი თელია და გიორგი ჩიქოვანი) რომ წავსულიყავი დიდუბეში და ჩამეტარებინა საუბრები ქალთა შორის რევოლუციონერული მოძრაობის შესახებ. აქვე უნდა ავღნიშნო რომ ქალები ტავის ქმრებს, რომელნიც ჩაბმულნი იყვნენ სოც.დემოკრ მუშათა ორგანიზაციის მუშაობაში ესაყვედურებოდნენ და არ მოსწონდათ მათი ეს საქმე. ეს რათქმა ნდა შეუგნებლობით მოსდიოდათ და სწორეთ მეც მისთვის ვიქმენ გაგზავნილი, რომ ჯერ საუბრები ცამეტარებინა და შემდეგ დავიწყე უკვე ორგანიზაციის დავალებით დავიწყე საუბრები პირველკოფილ კომუნიზმის შესახებ. ჩემ საუბრებმა პატარა შედეგიც გამოიღო პროპაგანდის შედეგად იყო ქალთა მიერ ოქროულ სამკაულების (ბრილიანტები ბეჭდები) შეწირვა სოციალ დემოკრატიული ორგანიზაციის სასარგებლოთ, პოლიციის მიერ ეჭვის მიტანას ადგილი არ ჰქონია. რადგან თავი მეხურა და საეჭვო პიროვნებად არ მიცნეს.

 

იმ ქალთა შორის თითქმის არავისი სახელი და გვარი არ მახსოვს ეს შეიძლება ახსოვდეს ამხ. ტორიკაშვილსა და მართა ვიგორბინას, რომელნიც ამ საქმეზე ჩვენთან ერთად მუშაობდნენ: აწესრიგებდნენ ბინის საკითხს და ქალთა შეკრების ორგანიზების საქმეს.

 

1900წელს დაახლოებით ივნისში მოხდა რკინისგზელთა გაფიცვა. ამ დღეს გაფიცვამ 16დღეგასტანა. ხალხი დიდ ტანჯვაში იყო. ჩამოვარდა სიმშილობა ვინც ახლო-მახლო სოფლებთან იყო დაკავშირებული ისინი ცოტათ თუ ბევრათ კმაყოფილდებოდნენ თავიაანთ სოფლებიდან, მარამ ვინც ჩამოსულნი იყვნენ შორიდან მათ გაფიცვამ დიდი დაღი დაასვა. ყოველ დღე იმართებოდა კრებები. ხშირი იყო უკმაყოფილების გამოთქმაც, მაგრამ მუშები ერთი მეორეს აჩერებდნენ, მე როგორც წვრილშვილს შემონახული მქონდა ფქვილი, მაგრამ ამაზე გაჭირვების დროდის როდის ვნახავდი იმ დროს, როდესაც ორგანიზაცია ერთ ერთეულს წარმოადგენდა, რაც ფქვილი გვქონდა ცემის ხელით ვაცხობდი პურს და ვაწოდებდი რათა ცოტათი მაინც შემეოკებინა სიმშილით შეწუხებული მუშები ეგებ უარი განეცხადებინათ მუშაობაზე დაბრუნების შესახებ.

 

ამ დროს რკინის გზის ორგანიზაციაამ, რომელიღაც მხრიდან მოიყვანა მუშები გაფიცულთა სანაცვლოთ, მაგრამ ორგანიზაციამ დიდი ოსტატობა გამოიჩინა ადმინისტრაციის ამისთანა მოქმედების საწინააღმდეგოთ. ორგანიზაციის ერთერთ ავტორიტეტულ პიროვნებისგან მომივიდა გიორგი მარსაგაშვილისგან მომივიდა წერილი რათა გამეცა მისთვის მისი საკუთარი ფული 200მან. რომელიც მე მებარა ეს ფული სჭირდებოდა ორგანიზაციას იმ მოყვანილ მუშების გზის ფულად თავის სახლში წასვლისათვის ვინაიდან იმათ შეიტყვეს საქმის ვითარება უარი განაცხადეს მუშაობაზე და მიიღეს რა ორგანიზაციისგან გზისთვის აუცილებებლი სახარჯო გაემგზავრნენ უკან. ამით გაფიცვის გაგრძელებას ხელი შეეწყო 16დღის გაფიცვის შემდეგ მუშები გამარჯვებულნი გამოვიდნენ, მიიღეს შედეგათ 9 საათის სამუშაო.(იმ დროს სამუშაო დრო იყო 10 საათი)

 

დღე და გაცდენილი დღეები აენაზღაურებინათ. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ნაძალადევის აგურხანაშიც მოხდა გაფიცვა. იქაც იყო შემთხვევა შტრეიკბერხერებთან ბრძოლისა: ერთ დილით შემოცვივდნენ ჩვენს ეზოში აგურხანის მუშები (თათრები თუ აისორები) შეიარაღებული დიდი კეტებით. ისინი ელოდებოდნენ და ესაფრებოდნენ შტრეიკბეხერებს. ჩემს დანახვაზე ქუჩაშივე უნდა გაბრუნებულიყვნენ, მაგრამ მე ვაგრძნობინე ამ საქმის თანაგრძნობა და ისინი კვლავ დარჩნენ. ამით მინდა ავნიშნო რომ ნაციათა შორის დიდი სოლიდარობა არსებობდა. მუშა რა ეროვნებისაც არუნდა ყოფილიყო მეორე მუშას თანაუგრძნობდა და ხელს უწყობდა საერთო საქმეში.

 

თუ ხსოვნა არა მღალატობს ივნისში თუ აგვისტოში მოვიდნენ ისევ ორგანიზაციის სახელით ამხ. მიხა ბოჭორიშვილი და გიორგი მარსაგოვი და გამოგვიცხადეს დავალება, რომ ჩვენს სახლში არალეგალური სტამბა გადმოეტანათ. მე და ჩემი ქმარი, როგორც ორგანიზაციის წევრები უარს არ განვაცხადებდით. ამ ხნიდან სტამბა გადმოტანილ იქმნა ჩვენს კუხნის ქვეშ სარდაფში, სადაც არც ჩასასვლელი კარი მოსჩანდა და არც ფანჯარა ჰქონდა, შიგ ჩასვლისთვის იატაკის ფიცრის ახდა იყო საჭირო და ესეც ვიქცეოდით ჩასვლისას მუშაობის დროს იგი იხურებოდა და ზედ დიდი ყუთი იდგმებოდა სარდაფში ბეჭვდითი მუშაობა სწარმოებდა აქ მუშაობდნენ რიგითობით ამხ. ვანო ბოქოლაძე და სანდრო იაშვილი როდესაც საჭირო არ იყო მუშაობა ჩემზე და გიგო ლოლაშვილზე იყო მონდობილი საბეჭდი მანქანის გადამალვა ჩემმა ქმარმა სპეციალურად ამისთვის გააკეთა რკინის ყუთი, რაშიც საბეჭდ მანქანის ყოველი მოწყობილობა თავსდებოდა, ამ ყუთს უფრო ხშირად ვფლავდით ხოლმე ქუჩის კარებთან შემოსასცლელში. რადგან მაშინ, როდესაც ჟანდარმები შემოდიოდნენ პირდაპირ ოთახში მოდიოდნენ და იმ ადგილს გადმოვიდოდნენ ხოლმე, ამ დროს ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა უკიდურესი რეაქციონერი გვარათ ბარათოვი. ის თუარავცდები მსახურობდა რკინის გზაზე და ჯაშუშობდა. რომ ჯაშუშობდა და აშკარად რამდენიმე ამხანაგი მისი დაბეზღებით იყო დატუსაღებული ეს ცხრილი იყო ჩვენთვის, სხვათაშორის ჩვენი მეზობლის სოც.დემოკრ მუშათა პარტიის წევრის ამხ. კავთიევსკის ოჯახის მიმართ ყაზახებისგან უადამიანო მოპყრობა და აკლება დღესაც ახსოვს ჩვენს ძველ მეზობლებს და ესეც სწორეთ იმ ბარიშოვის შედეგი იყო ორგანიზაციამ მას ტერორი დაუნიშნა, მაგრამ ისიც რაღაცას მიხვდა და გამოიწვია რაზმი კაზახებისა ვისაც კი ცუდი თვალით უყურებდა ყველას მიწასთან ასწორებდა. იმ რაზმს ის მბრძანებლობდა ის ყაზახები ჩასახლებულნი იყვნენ სწორეთ ჩვენი სახლის გასწვრივ, ისე რომ მე ვარ მომსწრე რომ ყოველ გამომვლელ გამვლელს სინჯავდნენ და იშვიათი იყო ვინმე უცემი გაეშვათ, ჩვენ ეზოში ჭა გვქონდა ისინი ჩვენგან სასმელ წყალს ეზიდებოდნენ ამ მიზეზით აიხსნებოდა ის რომ ჩემს ქმარს არა სინჯავდნენ ხოლმე და ჩვენც ვსარგებლობდით ამით და პროკლამაციების დანიშნულ ადგილას გადატანას ვახერხებდით. ზოგჯერ ჩვენს ბავშვებს უწყობდით უბეებში ხან პროკლამაციებს ხან უჯრედის ფულს, რომელსაც ჩემი ქმარი აგროვებდა პარტიულ ამხანაგებში ბავშვები წინ გარბოდნენ უფროსები უკან მისვსდევდით. თუ ვინიცობაა გასინჯვა იქნებოდა

 

ჩვენ არაფერი აღმოგვაჩნდა, ბავშვებს კი ხმას არავინ სცემდა.არალეგალური სტამბის ჩვენს სახლში ქონამ გასტანა თუარვცდები 8-9თვე. მისი გადატანის მიზეზი იყო ის რომ ჩვენმა მეხობლებმა თითქმის მოთქმა გამართეს, საქმე იმაშია რომ ჩვენსა მომავალ მუშებზე ეჭვი შეიტანეს, ვითომ ისინი მოდიან იმისთვის, რომ წაიღონ ჩემი ქმრის მიერ დეპოდან არაკანონიერი გზით მოტანილი ლითონი (სპილენძი და სხვა) ეს იყო მიზეზი თუ სხვა რამ, მაგრამ ჩვენსა იმავ დღეებში დიდი ჩხრეკა მოხდა , თუმცა ვერაფერი გვიპოვნეს, ამ ჩხრეკის შემდეგ სტამბის გატანა ორგანიზაციამ საჭიროთ სცნო.

 

ჩემს მეხსიერებაში დარჩა ერთი სურათი, რომელიც აღსანიშნავია, როგორც მასიური ერთსულოვნების მაგალითი.

ეს იყო თუარვცდები 1904 წელს გაზაფხულზე ხალხი შეგროვილიყო კრება-მიტინგზე ჩვენს სახლის გადაღმა გორაზე. ამ კრებულ ხალხს, რომელიც ყურადღება მიქცეული იყო მოლაპარაკებისკენ არ გამორჩა ერთი პიროვნება რომელიც ხალხის გარეშე უვლიდა და შემადგენლობას უკვირდებოდა, იგი ამას განაგრძობდა დიდი ხანი ისე, რომ მისი ასეთი უცნაური მოქმედება შენიშნა და ეჭვის თვალით დაუწყო ყურება.

 

განვლო ორიოდ კვირამ და კვლავ ესეთივე კრება მიტინგი გაიმართა. ის საეჭვო პიროვნება შუა კრების დროს გამოჩნდა ახლა ცხენზე მჯდომარე. ხალხმა იცნო ეს ადამიანი მისი პიროვნება მისივეგან მეორეული გამოქცევით გამოირკვა. ხალხმა ეჭვის თვალით ცქერა დაუწყო, შესდგა ჩოჩქოლი. ის კაცი ცხენით გამობრუნდა და ხალხს თითით დაემუქრა. მუშები მას გამოუდგნენ ფეხდაფეხ ზოგმა წინიდან უყელა ჰყვიროდნენ „ცოცხალი არ გაუშვათო" ცხენი წაიქცა, ხალხმა შეიპყრო, ხალხმა შეიტყო, რომ ის არასასურველი პიროვნება იყო (აშკარათ საჯარშუშოთ გარბოდა) იქვე ჩააქვავა და მიმარხა.

 

რამდენი პატარ პატარა სურათებმა, ფაქტებმა და მოქალაქეებმა გაიარეს ჩემ თვალწინ, რამდენი უბდურობა და ვარამი მოუტანა ჩემს წვრილშვილ ოჯახს მუშების დაუძინებელმა მტერმა სასტიკმა თვითმპყრობელობამ, რამდენი დავუწყარი სურათი მიდგას თვალწინ (მაგ ამხ. მეგრელიშვილის დამარხვის დროს მუშების ერთსულოვნება და შემდგარი ბრძოლის ფაქტი მეფის ჯალაფებთან სხვა და სხვა) მაგრამ ყველაფერი ამის გახსენება მოგონება და აღწერა ყოველთვის შეუძლებელია, მითუმეტეს იმ დროს როდესაც მეხსიერება სიბერის დროს ხელს არ მიწყობს.

 

1905წელს მე დავავადმყოფდი ქრონიკული სნეულებით და ექიმებმა მირჩიერ წოფელში წასვლა და იქ ცხოვრება. ქმარი ტფილისში განაგრძობდა მუშაობას მე ჩემი წვრილი შილებით წავედი სოფელ მეტეხში ამის შემდეგ მე არარ მიმიღია სოც. დემოკრ. მუშათა პარტია და არც არავითარ პარტიაში მონაწილეობა ჩემი ფიზიკური შესაძლებლობების გამო. ხოლო ვიყავ რათქმაუნდა ნთელი რიგი პატარ პატარა სურათების მოწმე სოფლად, მით უმეტეს ჩემი ძმა ალექსი მირზაშვილი ჩაბმული იყო რევოლუციონერულ მოძრაობაშ და ამ საქმესაც შესწირა თავი (გარდაიცვალა შლისერბურგის სატორღო ციხეში) მას მერე რიბერემაც თავისი გაიტანა და ეხლა 64წლიან ადამიანს დუხჭირ ცხოვრებისგან დასნეულებულს და ფიხიკურად დაუძლურებულს არ ძალმიძს სიარული პატარა მანძილიც კი და ამით აიხსნება ჩემი სადმე წაუსვლელობა

 

1915/4/ 31წელი ანნა გაბრიელის ასული აზმაიფარაშვილისა.

ქ. ტფილისი

პ.ს. ამასთანავე გიდგენტ ფოტოგრაფილ სურათს

 

 




 

 

ვებ-გვერდი შეიქმნა პროექტის „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით“ ფარგლებში
© ყველა უფლება დაცულია. ქალის ხმა 2015. მასალების - სტატია/ფოტო/ვიდეო რაიმე ფორმით გამოყენება აკრძალულია
Created By: Pro-Service